პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა

30/10/2017

მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გაკეთდა, რომელიც 1-3 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხების განსაზღვრას დაეთმო.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს პლენარული სხდომების კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხების რიგითობა გააცნო. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა მიმდინარე კვირას კანონმდებლები 70-მდე კანონპროექტს და დადგენილების პროექტს სხვადასხვა მოსმენით განიხილავენ. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა არჩევის საკითხზეც იმსჯელებენ.
ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების მოითხოვა, რასაც ბიუროს წევრები დაეთანხმნენ. სხდომის დასასრულს პარლამენტის წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ.
ბიუროს მორიგი სხდომა 1 ნოემბერს 11.30 საათზე პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0