პარლამენტის ბიუროს სხდომა

24/04/2017

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა, რომელშიც ოცდაათამდე კანონპროექტი და რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება იყო წარმოდგენილი. მათ შორის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიმართვა 14 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების (ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პატრიოტთა ალიანსი, ტრადიციონალისტთა კავშირი, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ და „თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ განხილვის ვადის გაგრძელება და მასში იურიდიული კომიტეტის ჩართვა, რომელსაც ბიურომ მხარი არ დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი კანონების ნაწილი აღარ არსებობს და სათაურშივე არის დაშვებული ხარვეზები, საკანონმდებლო წინადადებაც აბსურდულია და მისი განხილვის ვადის გაგრძელების მოთხოვნაც. ასევე არ არის გასაზიარებელი, რომ იურიდიული კომიტეტი ჩაერთოს განხილვაში. ეს მეტყველებს, რამდენადაა ესა თუ ის პარტია მომწიფებული, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით იმსჯელოს. როგორც ჩანს, ამ მხრივ მძიმე სიტუაცია გვაქვს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზეც, რომელთა შორის არის საკანონმდებლო წინადადებები, კომიტეტების მიმართვები პროექტების განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე და დეპუტატების უცხოეთში მივლინების ანგარიშები, რომლებიც ბიურომ ცნობად მიიღო. ბიურომ ცნობად მიიღო ასევე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ მიმართვა „ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს საპარლამენტო საბჭოში“ ფრაქციის კუთვნილი კვოტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დათმობის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0