პარლამენტის ბიუროს სხდომა მიმდინარეობს

20/09/2017

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად განიხილავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წარდგინებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის შესახებ.
სასესიო კვირის განმავლობაში, პარლამენტი ორმოცდაათამდე საკითხს განიხილავს, მათ შორისაა პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები.
პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შეთანხმებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით.
დღის წესრიგში შეტანილია, ასევე, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და საპარლამენტო კომიტეტების მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0