პარლამენტმა ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად ერთხმად აირჩია

18/02/2020

დეპუტატებმა 6 წლის ვადით, 82 ხმით მხარი დაუჭირეს ირაკლი შოთაძის საქართველოს გენერალურ პროკურორად არჩევის საკითხს. პლენარული სხდომა, რეგლამენტის თანახმად, დეპუტატების განცხადებებით დაიწყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე: „ამ დღეებში ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი სახე და გამოავლინა ის, რომ ისინი მზად არიან საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებისათვის ევროინტეგრაციისთვის კი სცადონ დაბრკოლების შექმნა. ეს არის მათი სახე. ეს პოლიტიკური ძალა, თავისი „ნაციონალური მოძრაობით“ და ყველა განშტოებით არის ნამდვილად ანტი-ევროპული საქართველო და ეს სახელი მათ ნამდვილად დაიმსახურეს, თუმცა, მათი მცდელობა შეფერხდეს საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის კუთხით განწირულია წარუმატებლობისთვის.

სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართული ასოცირების კომიტეტის სხდომის პარალელურად, შედგა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, რომლებიც აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის კუთხით.
საქართველო კვლავაც რჩება ლიდერად, მოწინავე ქვეყნად ამ თვალსაზრისით და საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ურთიერთობიდან ევროკავშირთან, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან და ეს პროგრესი ასახული იყო დეკლარაციის პროექტში, რომელიც ესტონელ თანათავმჯდომარესთან ერთად მომზადდა. ოპოზიციას ჰქონდა მთელი რიგი მცდელობები ცვლილებები შეეტანა ამ დოკუმენტში – დეკლარაციაში, იყო დოკუმენტის პოლიტიზების მცდელობა და იყო მცდელობა არასწორი ინფორმაცია ასახულიყო ამ დოკუმენტში. საბოლოო ჯამში, ასოცირების კომიტეტმა ჩააგდო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ დელეგაციას, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი. ასევე, მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობრებს – ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს შესაბამის ცვლილებებს. საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ და ანტი-ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ დეკლარაცია არ დამტკიცებულიყო. ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი.
მასში ასახულია ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე და ასევე, ასახულია ინფორმაცია ვალდებულებების შესრულების თაობაზე. ამ ფონზე გასაოცარი იყო მათი სიხარული, რომელიც გამოხატეს ამ დოკუმენტის არ დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს, თავის დროზე, როგორ დარბოდნენ ოპოზიციის წარმომადგენელები კაბინეტებში, იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია. ეს არის მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება, თუმცა მაშინაც ჩავარდა მათი მცდელობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაცია. ეს არის ის მიღწევა, რომლითაც დღეს სარგებლობს ასი ათასობით და მილიონობით საქართველოს მოქალაქე და დღესაც მათი მცდელობა ბუნებრივია, იქნება წარუმატებელი. საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციის კუთხით და საქართველო კვლავაც დარჩება ლიდერად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. საქართველო, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა. შესაბამისი ჩანაწერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და ეს გახდება მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს მიზანს, რაც არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ნატოში ინტეგრაციასთან ერთად და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“.

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი: „სოციალური მუშაკების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას აქვს ადგილი. ზოგიერთი მათგანი, ვინც სამსახურიდან გაუშვეს, როგორც სანიმუშო თანამშრომელი თქვენს დააჯილდოვეთ, ბატონო არჩილ. ისინი მოგიწოდებენ ზედამხედველობა გააძლიეროთ სამინისტროს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. ჩვენ თუ არ განვახორციელეთ ზედამხედველობა, ისედაც დაქვემდებარებულ მდგომარეობაშია პარლამენტი მთავრობასთან და ეს მდგომარეობა ბევრად უფრო გაღრმავდება და საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება მითი“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი იმ კანონთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლითაც როგორც საკანონმდებლო ორგანო, ასევე საზოგადოება ამაყობს და შესაბამისად, პარლამენტი არ დაუშვებს, რომ მისი შესუსტება და მოქმედი რეგულაციების გადახედვა მოხდეს. პარლამენტის მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიღებული კანონით, თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ,

საქართველოში ძალიან კარგი რეგულაცია დაწესდა, რომელმაც ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან ძლიერია, საქართველოშიც საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილები და მათი მცდელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება შეიტანონ ისეთი შესწორებები, რომ თავისთვის რაღაც პრივილეგიები მიიღონ და შეასუსტონ კანონის მოქმედება. ასეთი ტიპის ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შემოტანილია საქართველოს ბიზნესის ასოციაციის მიერ, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში უნდა განიხილონ და იმედი მაქვს რომ ჩემი კოლეგების, რომ ამ კომიტეტს არ გაცდება ინიციატივის განხილვა. საკითხი შეეხება იმას, რომ თამბაქოს ახალი ნაწარმის – გასახურებელი თამბაქოს მიმართ არ განხორციელდეს უკვე არსებული შეზღუდვები“.

შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე: „მიმდინარე წლის 13-16 თებერვალს გადაუდებლად თოვდა ზემო აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში – ქედა, შუახევსა და ხულოში, რომლებიც აერთიანებს 30 ადმინისტრაციულ ერთეულს და 214 სოფელს, დაბალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, ხოლო მაღალ სოფლებში 2 მეტრსაც კი გადააჭარბა, როგორც ხულოში, ასევე შუახევსა და ქედაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბები, რომლებშიც მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაერთიანებული არიან საგზაო, სახანძრო, სამაშველო, ენერგოპროჯორჯიას და სხვა შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები. თოვლის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებსა და გამოწვევებზე ხდებოდა ერთიანი კოორდინირებული რეაგირება, გვქონდა შემთხვევები, როცა მაღალი ზონის სოფლებიდან წარმატებით იქნა გადაყვანილი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები. გაწმენდით სამუშაოებს სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურად ახორციელებს საგზაო დეპარტამენტი 60-მდე მობილიზებული ტექნიკით. ინტენსიური თოვის დროს მოხდა ტექნიკის დამატებითი დაქირავება. დიდთოვლობის რთული და ზვავსაშიში მონაკვეთების მიუხედავად დეპარტამენტი ინტენსიურად აწარმოებდა და დღესაც მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები. ამჟამად, თავისუფალია მიმოსვლა ბათუმი-ხულოს მონაკვეთზე ნებისმიერი გამავლობის ავტომანქანებისათვის. ასევე გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა“.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი გია ჟორჟოლიანი: „ჩიხში შესული მოლაპარაკება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და არასტაბილურს ხდის. ის რომ ამის გაგრძელება შეუძლებელია, არ შეესაბამება სინამდვილეს. უმრავლესობაში 93 დეპუტატია, 28 დეპუტატი არც ნაციონალურ მოძრაობაშია და არც ევროპულ საქართველოში. დეპუტატების ამ ნაწილს გამოთქმული აქვს მოსაზრებები, რომ მზად არიან, იმსჯელონ უფრო მეტად პროპორციული და ინკლუზიური, წარმომადგენლობითი და ჩართულობის მქონე სისტემის თაობაზე. ამ საკითხის დაძვრა ადგილიდან, თუ ასეთი სურვილი აქვს, უმრავლესობას ნამდვილად შეუძლია.“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი: „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული და გაფლანგული 48 მილიონი ლარი, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვისმინეთ მთავარი პასუხი და ამ მთავარი პასუხის ვალდებულება აქვს იმ ორგანიზაციას, ვინც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს მოპარა ეს 48 მლნ ლარი და საკუთარი პარტიული თუ პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა. ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკითხი დღეს ყველაზე აქტიური თემაა დღის წესრიგში, ოღონდ კონკრეტული პიროვნების დაკავების ნაწილში. არავინ არ ვსაუბრობთ იმაზე, რაც უკვე სასამართლომ, სამი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 48 მლნ. ლარი გაიფლანგა პარტიული ინტერესებისათვის, სად წავიდა ეს თანხა და რას მოხმარდა. გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ჩვენ გავიგეთ, რომ აქედან 14 მლნ ლარი დაიხარჯა პარტაქტივზე და ამ პარტაქტივიდანაც უმრავლესობა, ალბათ, ბარათის დონეზე არსებობდა და არა როგორც ფიზიკური პირი, ხოლო 34 მლნ ლარი პარტიის პოლიტიკურმა ლიდერებმა პირდაპირ ანგარიშიდან გაიტაცეს, ანგარიშიდან აიღეს და გაინაწილეს. ჩემი მთავარი კითხვა იყო – არსებობს თუ არა ბერკეტები იმისთვის, რომ ეს თანხა დაუბრუნდეს სახელმწიფოს? საზოგადოებას მსურს შევახსენო, რომ ეს არის 2012 წელი, ჩემი პირადი გამოცდილებიდან მახსოვს, კადრებიც არსებობს, როგორ ვთხოვდით მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ თუნდაც ერთი, მნიშვნელოვანი პროგრამა – სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი იყო 13,5 მლნ ლარი, გაზრდილიყო და აღარ ყოფილიყო 1200 ბავშვი რეაბილიტაციის გარეშე. კი, ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამისა ბიუჯეტი და უკვე 38 მლნ. ლარია, ესეც არ არის საკმარისი, მაგრამ მე მახსოვს მაშინ როგორი მკაცრი უარი იყო ამაზე, არც გვისმენდნენ ამ ჩვენს მოთხოვნაზე. ამ დროს თბილისის მერიაში, ვფიქრობ, ეს დამნაშავეები ამუშავებდნენ კორუფციულ სქემებს, როგორ მოეტაცათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა და გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესებისთვის. ვფიქრობ, ვალდებული არიან, დააბრუნონ ეს თანხა, სხვა შემთხვევაში მათ არა აქვთ უფლება არც მორალური და არც პოლიტიკური, რომ ისაუბრონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, რადგან ყველა ასეთი განცხადება იქნება ფარსი და ფარისევლობა. ჩვენ გუშინ ვნახეთ კომიტეტის სხდომის შემდეგ, როგორ პანიკაში ჩავარდნენ ისინი, ასევე პანიკაში ჩავარდნენ მათი სატელიტი ორგანიზაციები, ზოგიერთი ისეთი ადამიანიც კი, ვინც თითქოს 2012 წელს მათ წინააღმდეგ იყო, და ყველაფერს ცდილობდნენ არ ელაპარაკათ კონკრეტულად ამ პასუხისმგებლობაზე და ვალდებულებაზე. მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელიც იცის მთლიანად ჩვენმა საზოგადოებამ და ამიტომ კეთილი ინებონ დააბრუნონ ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში, ან დარჩებათ სახელი, რომელიც არის ქურდის, მომპარავის და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამტარებელის, რადგან მსგავსი სახის დანაშაულზე არაა საკმარისი მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, უნდა დადგეს აუცილებლად პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი მოსიძე: „გუდაურში ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, დაიღვარა სისხლი , დაიღუპა ადამიანი. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს. მოვიკვლიე და აღმოჩნდა, რომ ეს არ არის პირველი ინციდენტი ამ ზამთრის სეზონზე, თუმცა პირველი შემთხვევაა, რომელიც დასრულდა მკვლელობით. დებოშს და აყალმაყალს ხშირად ჰქონდა ადგილი და როგორც თვითმხილველები ამბობენ, პოლიცია არასათანადოდ რეაგირებს ასეთ ფაქტებზე. აღნიშნული ფაქტები ზიარდება ინტერნეტში და აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს ქართულ ტურიზმს. გუდაური ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ზამთრის კარიბჭეა და სისხლიანი გარჩევები, 8 მლნ ტურისტ, რომლითაც ვამაყობთ, რომ შემოდის, შეიძლება განახევრდეს, რადგან არავის მოუნდება ჩამოსვლა კურორტზე, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება. მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მოხდეს დაუყოვნებლივი რეაგირება ამ ინციდენტზე და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ალექსანდრე ერქვანია: „მინდა გამოვეხმაურო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის გაუქმების თაობაზე. ეს ცენტრი დაარსებული იყო აწგარდაცვლილი აფხაზი ქალბატონის, სვეტლანა ქეცბას მიერ, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი და ღირსეული მამულიშვილი. იგი ცდილობდა იმ ჩატეხილი ხიდის აღდგენას, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არსებობს ჩვენ და აფხაზებს შორის. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ამ ცენტრის დაარსება და მისი საქმიანობა. ამიტომ ჩემთვის მიუღებელი, გაუგებარი და გაუმართლებელია აფხაზეთის მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება. მოვუწოდებ აფხაზეთის მთავრობას სასწრაფოდ აღადგინოს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი და ხელი შეუწყოს მის საქმიანობას“.
დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.” ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ ვალერი გელაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსი მიულოცა. დღესვე პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით იმსჯელეს ორგანული კანონპროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა, ზაზა გაბუნიამ წარუდგინა სხდომას. მისი განმარტებით, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს წარმოადგენს ასევე საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები. კერძოდ, მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებს განეკუთვნება 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა. კენჭისყრის პროცედურის შემდეგ, სხდომა დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0