პარლამენტში „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

19/09/2017

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, კანონპროექტის შემუშავების მიზანია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა მარეგულირებელი ნორმების გადამუშავება. „კანონპროექტი გადამუშავდა მითითებული რეგულაციის მიხედვით და ითვალისწინებს საქართველოში დაცული ყველა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მფლობელების უფლებების დაცვას, აღნიშნული უფლებების დარღვევით წარმოებული და კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტის და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა) განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი ორი“. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2015 წლის 22 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებსა (USAID) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმების პროექტს „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“.
საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს გამოუყო 13, 109,635 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. 2016 წლის 22 დეკემბერს ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმების პირველ ცვლილებას და USAID – ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხა 44,250,436 აშშ დოლარიდან 57,298,636 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ასევე, შეიცალა საგრანტო თანხის ოდენობაც 14,970,000 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად გაიზარდა საქართველოს მხრიდან თანამონაწილეობის თანხა. შეიცვალა, ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ექვსი მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც. „საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი ორი ითვალისწინებს USAID-ის მხრიდან ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობას. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, გაიზარდა კონფლიქტების შემსუბუქებისა და შერიგების, ინფრასტრუქტურის და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხის შესაძლო მოცულობა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული მიმართულებები კვლავ იგივე რჩება,“ – განმარტა ლაშა ხუციშვილმა.
დღესვე განიხილეს მეორე სარატიფიკაციო დოკუმენტი – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 დეკემბრით დათარიღებული (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“) განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების ცვლილება ნომერი ორი“. პროექტის მიზანია სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა.
საგრანტო შეთანხმების პირველი ცვლილებით თანხა გაიზარდა 1 000 000 აშშ დოლარით. დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი მეორე ცვლილებით საგრანტო თანხა კიდევ 248 000 აშშ დოლარით იზრდება, ხოლო განსახორციელებელი მიმართულებები იგივე რჩება.
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ კანონპროქტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბაქრაძემ წარმოადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტით სახელმწიფო ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.
„კანონში განისაზღვრება შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების ფულადი ოდენობები. წარმოდგენილი პროექტით ერთმანესაგან დარგების მიხედვით გაიმიჯნა შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა მხოლოდ ლიტერატურის, ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში, ხოლო საქართველოს ეროვნული პრემია – მეცნიერების დარგებში, რაც გულისხმობს საკუთრივ მეცნიერების დარგებში უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს შემოღებას.“, – განაცხადა გიორგი ბაქრაძემ. მისივე ინფორმაციით, ეს ორი პრემია გათანაბრდა როგორც რანგობრივად, ასევე ფინანსურად.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტში გათვალისწინებულია, ასევე, ეროვნული გმირის ორდენზე ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობის ზრდა და შესაბამისი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, ასევე, მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0