პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს

22/12/2017

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ „გრიგოლ ლილუაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა წარადგინა.
მისი განმარტებით, გრიგოლ ლილუაშვილი პრემიერმინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. „საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის სტატუსი ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან შეუთავსებელია. შესაბამისად, წამოდგენილი დადგენილების პროექტის თანახმად, გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება და ეს დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა. საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილების პროექტს დეპუტატებმა მხარი 81 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს დეპუტატებმა მხარი 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს.
კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ გააცნო.

წარმოდგენილი კანდიდატები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად 6 წლის ვადით აირჩიეს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი I მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წარადგინა.

ცვლილება შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332 მუხლის მეოთხე ნაწილში, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესს უკავშირდება. მომხსენებლის განმარტებით, ტერორისტულ დანაშაულებებთან მიმართებაში, როგორც საგამონაკლისო წესი, 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.

„თანამედროვე სამყაროსთვის, ყველაზე მზარდი საფრთხე არის ტერორიზმი, ტერორისტული აქტები. სწორედ ამ მზარდი საფრთხეების გამო ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ცდილობს გაუმკლავდეს მას. გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიზნით, არსებობს საპროცესო საფუძველზე მიღებული საგამონაკლისო წესები, რომლითაც შესაძლებელია ცალკეულ დანაშაულებებთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდეს განსხვავებულ პროცედურებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წვერებმა წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად, 76 ხმით დაუჭირეს.
დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, თანმდევ პროექტთან ერთად მხარი ერთხმად, 77 ხმით დაუჭირეს.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, იურიდიული დახმარების სამსახური არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს გადახდისუუნარო მოქალაქეებს გარკვეული კატეგორიის საქმეებზე.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური, რომელიც კარგად მუშაობს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განავლობაში მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით სარგებლობს და საკმაოდ ხარისხიან მომსახურებას აწვდის საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პორველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ის ინიციატივა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, შემუშავებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ, საერთაშორისო ექსპერტებთან და დონორ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით და ემსახურება იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გაფართოებასა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დაკომპლექტების წესის დახვეწას.

„წარდმოგენილი ინიციატივით ჩვენ ვაფართოებთ იურიდიული სამსახურის კომპეტენციას. მათ უფლებამოსილებას ემატება სამი კატეგორიის საქმეები კერძოდ: ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კატეგორია, შრომითი დავები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები.”
თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, იურიდიული დახმარების სამსახურს მართავს და გადაწყვეტილების მიმღები არის იურიდიული დახმარების საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისგან. აქედან 3 წევრი დანიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ, 3 – სახალხო დამცველის მიერ და დანარჩენი 3 წევრიდან თითო-თითო წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იურიდიულ დახმარების სამსახურის თანამშრომელთაგან.
პროქტის თანახმად, ცვლილება ეხება ადვოკათტა ასოციაციის მიერ წარდგენილ წევრებს.

„დღეს არსებული რეგულაციის თანახმად, ეს სამი წევრი აირჩევა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოდან თუმცა, ცვლილება გულისხმობს, რომ ადვოკატთა ასოციაციამ თავისი ყველა წევრიდან კონკურსის წესით გამოარჩიოს მაღალი რეპუტაციის და 5 წლიანი საადვოკატო საქმიანობის მქონე ადვოკატები და სწორედ ეს სამი წევრი წარადგინოს იურიდიული დახმარების საბჭოში“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, მეორე ცვლილებით განისაზღვრება იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების როტაციის წესი.
თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, როტაცია მოხდება ყოველწლიურად, რათა საბჭოში ყოველ წელს შედიოდეს „ახალი სისხლი“ და ამასთან ინსტიტუციური მეხსიერება რჩებოდეს, რათა საბჭოში იყვნენ როგორც ახალი ისე, გამოცდილი წევრები. წარმოდგენილი პროქტის მიხედვით საბჭოს უფლებამოსილების ვადა 3 წლამდე მცირდება.
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა მესამე მოსმენით განხილულ კანონნპროექტებს უყარეს კენჭი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს 66 ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
ასევე კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0