პრეზიდენტი უნდა იყოს საერთოეროვნული ლიდერი, მიუკერძოებელი არბიტრი

03/03/2017

„ვფიქრობთ, რომ ის მოდელი, რომელიც ჩვენი ხედვით არის წარმოდგენილი, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხელმძღვანელების ზოგად ხედვებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი დახვეწილი საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებაა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საპარლამენტო სისტემა სამ ძირითად ფუნდამენტს ეფუძნება – ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო.
საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, პოლიტიკური კონტექსტის და რეალობის გათვალისწინებით, გარკვეული ნორმების ამოქმედება შესაძლოა, გარკვეულ ვადებთან იყოს დაკავშირებული. ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ასეთ მაგალითად საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა. „ქართული ოცნების“ ხელმღვანელების უმრავლესობა ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად და იმისთვის, რომ მიზანი განვსაზღვროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, გადავიდეთ ორსაფეხურიანი სისტემით არაპირდაპირი არჩევის წესზე. ამით ვაჩვენებთ, რომ ამოვდივართ არა კონკრეტული სუბიექტური მოკლევადიანი ინტერესებიდან, არამედ ჩვენი ცვლილება ემსახურება გრძელვადიან განვითარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ძლიერ პარლამენტზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის უმრავლესობა მიზანშეწონილად თვლის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ კომისიის სხდომაზე, რომ ეს არის მხოლოდ ხელმძღვანელობაში ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა, გარდა პარტიის ხელმძღვანელობისა, არის საპარლამენტო უმრავლესობა, 116 დეპუტატი და რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო პოზიცია შეიძლება გაცხადდეს მას შემდეგ, რაც თითოეულ დეპუტატთან გავივლით კონსულტაციებს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, სტანდარტების შესაბამისად არ არის მოწესრიგებული ურთიერთობები პარლამენტსა და მთავრობას შორის და კომისიის ერთ-ერთი ამოცანა ამ ურთიერთობების კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოწესრიგებაა.
ქმედით მთავრობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შესაბამისი ნორმების კონსტიტუციაში გაწერა ამ კუთხითაც უზრუნველყოფილია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გათვალისწინებული ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში დამატებით უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებასაც.
რაც შეეხება პრეზიდენტს, როგორც ბრიფინგზე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, პრეზიდენტი საერთოეროვნული ლიდერი უნდა იყოს. „პრეზიდენტი უნდა იყოს საერთოეროვნული ლიდერი, მიუკერძოებელი არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა. ეს იდეა ჩადებულია კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაშიც. ერთადერთი, საუბარია იმაზე, რომ ეს იდეა კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს კონსტიტუციის ახალ ჩანაწერებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს აღმასრულებელი უფლებამოსილებების აღრევა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების დამატებით შეკვეცა, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის კომპეტენციებს შეეხება, მინიმალურია. „უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი: უშიშროების საბჭოს მოქმედი კომპეტენციები არ შეესაბამება საერთო კონსტიტუციურ სისტემას. რეალურად, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, უშიშროების საბჭო შექმნილია იმისთვის, რომ რჩევა მისცეს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომლებიც შედის მთავრობის კომპეტენციებში. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა მოქმედ კონსტიტუციაში და ამას თავის დროზე აკრიტიკებდნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. აქედან გამომდინარე, ცვლილებებია გათვალისწინებული ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა კონსტიტუციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმალური ცვლილებები უნდა შევიდეს ტერიტორიული მოწყობის საკითხებში, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის თავთან დაკავშირებით, გვქონდა ძალიან სერიოზული მსჯელობა კომისიის წევრებთან და პრაქტიკულად, სრული კონსესუსის საფუძველზე შევთანხმდით, რომ დაიხვეწება ის სტანდარტები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობასთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ხარვეზებს შეიცავს კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ და ამ კანონთანაც დაკავშირებით, ახალი რედაქციაა შემუშავებული.
„იმ სისტემის მიხედვით, რომელიც ჩვენს მიერ არის მოაზრებული, პრაქტიკულად, გამოირიცხება ავტოკრატია გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ კუთხით გვაქვს ძალიან მძიმე გამოცდილება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოდელი გამორიცხავს ყოველგვარი ტიპის ავტოკრატიის, ავტორიტარიზმის, ტოტალიტარიზმის ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში. საუბარია ძალიან დახვეწილ, კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0