პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მარიამობა მიულოცა

28/08/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთელს საქართველოს მარიამობას ულოცავს. მთავრობის მეთაური სიონის საკათედრო ტაძარში დღეს საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
პრემიერმა წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქის თხოვნით, ტაძარში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. თითოეული ქართველისთვის ეს განსაკუთრებული დღეა – დღეს ჩვენი მრავალეთნიკური ერი ამ დიდებულ დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველო არის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლისა და ამავე დროს ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ სწორედ ქრისტესმიერი სწავლების გზა აირჩიოს. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი და წირვაზე მყოფი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დალოცა და მთელს საქართველოს ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0