პროექტს „Check In Georgia“ ბიზნესის წარმომადგენლები უერთდებიან

11/05/2016

პროექტს „Check In Georgia“ საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან. ამის შესახებ დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიზნესსექტორის 20-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტს შეურთდნენ: ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი, ბლექსი ჯგუფი, შილდა, T&R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომლითაც აქტიურად დაინტერესდა ბიზნეს სექტორი; პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოჩინდნენ, როგორც „Check In Georgia“-ს პარტნიორები; მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები. კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას, ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი, თუ მიმწოდებელი კომპანიები ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით.

„პროექტის „Check In Georgia“ მიმართ დიდი ინტერესია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; დაგეგმილ მსხვილ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები მსოფლიოს 55 ქვეყნიდან რამდენიმე დღეში გაიყიდა. შესაბამისად, ბიზნესწრებიის წარომადგენელთათვის საკუთარი პროდუქტის წარმოჩენა და ამ პროექტის ფარგლებში პოზიციონირება მნიშვნელოვანი, მიმზიდველი და საინტერესოა“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

ამ ეტაპზე, პროექტს უკვე შემოურთდა 20-ზე მეტი კომპანია და მათი მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებული მთლიანი შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 6 000 000 ლარს.
ამასთან, მხოლოდ 3 კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 2 მილიონი ლარი.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები ცხადყოფს, ტურისტების მხრიდან დიდია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ; ბოლო თვის მაჩვენებლებით, უცხოელი მოგზაურების/ტურისტების რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20% პროცენტით არის გაზრდილი.
„Check In Georgia“ არის კულტურული პროექტი, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს, მოსახლეობას კი, მეტ შემოსავალს მოუტანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0