პროკურატურის ორგანიზებით პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ ჩატარდა

08/04/2017

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტი “იმიტირებული გამოძიება“ განხორციელდა. დამამთავრებელი კლასის 25-მა მოსწავლემ ორდღიანი გადამზადების შემდეგ, პროკურორების, გამომძიებლების, მოწმეებისა და დაზარალებულების როლი მოირგეს და იმიტირებული გამოძიების ფარგლებში ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა/გამოკითხვა და ამოცნობა. ასევე, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განახორციელეს დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავება და ჩხრეკა. მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე იმიტირებულ გამოძიებაში მონაწილე მოსწავლეებს, ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ესაუბრა, წარმატებები უსურვა და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა. პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ მესამე წელია რაც ხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს კანონმდებლობის პრაქტიკული შესწავლის ხელშეწყობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0