ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

06/03/2017

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.
მხარეებმა შეაფასეს 38-ე რაუნდის შედეგები და ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 9 აპრილს ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის გამო. ხაზი გაუსვა, რომ გრძელდება საუბარი ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე 2017 წლის ბოლომდე მეორე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ამ გზით საფუძველის მომზადება ხდება ოკუპირებული რეგიონების ანექსიისათვის და თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცენ ე.წ. რეფერენდუმს, როგორც საქართველოსა და მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაზე მოქმედ ფაქტორს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ტენდენციას. მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა 5 მარტს ოტობაიასა და ნაბაკევის სოფლებში კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გაუქმების გამო და ხაზი გაუსვა იმ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, რასაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოიტანს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. საუბარი შეეხო ისეთ მწვავე პრობლემებს, როგორიცაა: 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და სხვა. აქცენტი გაკეთდა გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ამ საკითხის მოუგვარებლობა სერიოზულად აფერხებს დიალოგს და პროგრესის შესაძლებლობას სამშვიდობო პროცესში.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ პროცესში კონსტრუქციულად მონაწილეობის მზადყოფნა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მონაწილეები რუსეთის ფედერაციიდან პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ძალის არგამოყენების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხების განხილვას.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 39-ე რაუნდი გაიმართება 2017 წლის 28-29 მარტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0