რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები

05/04/2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი ქალაქ რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გაეცნო. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს ხარისხიან ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას. რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 5 600 000 ლარს შეადგენს, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.
რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე მოეწყობა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურსოთახი და ექიმის კაბინეტი. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდგომ, 2024 წლის ბოლომდე, რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0