რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2 მილიარდ 323 მილიონი აქვს ათვისებული

08/11/2023

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში“ მოისმინა. ანგარიში კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 6.8 პროცენტი შეადგინა დაგეგმილი 6.5 პროცენტის ნაცვლად. რაც შეეხება ნაერთ ბიუჯეტს, შემოსავლები შესრულებულია გადაჭარბებით და ეს მაჩვენებელი 104.3%-ია. ​შესაბამისად, მობილიზებულია 16 მილიარდ 257 მილიონი ლარი. მათ შორის, გადასახადების სახით მიღებულია 14 მილიარდ 402 მილიონი ლარი. 9 თვის მონაცემებით, წლიურ გეგმასთან მიმართებაში ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია 72, 1%-ით. მომხსენებელმა დარგების მიხედვით ბიუჯეტის პარამეტრები წარადგინა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში უწყებების კუთხით შესრულება კარგია. კომიტეტის ინტერესიდან გამომდინარე მან რამდენიმე სამინისტრო გამოყო.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2 მილიარდ 323 მილიონი აქვს ათვისებული და 108%-ია შესრულების მაჩვენებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 1 მილიარდ 494 მილიონი ლარზე მეტია ათვისებული, რაც 99,9%-ია. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 504 მლნ ლარზე მეტია შესრულება, რაც 95%-ს შეადგენს. შესაბამისად, ყველა პროგრამა სწორედ 95%-ით არის შესრულებული. ზოგიერთ ნაწილში კი, მაგალითად სატყეოს ნაწილში გრანტების ხარჯი გადაჭარბებითაც არის შესრულებული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

​გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განმარტებით, წარმოდგენილი მაჩვენებლები და ციფრები გვაჩვენებს, რომ გარემოს დაცვის პროგრამების ნაწილში თითქმის 100%-იანი შესრულებაა, მათ შორის ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორინგი. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის განსახორციელებლად 102% -იანი ათვისების მაჩვენებელი აქვს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0