რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

01/04/2024

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. კანონპროექტი პარლამენტის წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გააცნო. კანონპროექტის თანახმად, სკოლის დირექტორის მოადგილის შვებულების, მივლინების, დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია, სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ექნება უფლებამოსილება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს, მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შესრულება. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი აწესრიგებს ასევე მასწავლებლობის მაძიებლის დარეგისტრირების საკითხს.

„პირს, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემა უფლება, დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

კანონს დაემატება მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხს. ცვლილება შედის ასევე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილებების თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს დანამატის მიცემას, რომელიც სრული დატვირთვის შემთხვევაში, განსაზღვრულია 150 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0