რიკოთის პროექტში ჩართულია გარემოსდაცვითი მიმართულების 23 ექსპერტი

14/08/2023

“რიკოთთან დაკავშირებული ხელოვნური დაძაბულობის და დაშინების მცდელობა, რომელიც ახლაც გრძელდება, არის უსაფუძვლო. ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: რიკოთზე ამჟამად მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომელიც დაწესდა 149-ე კმ-ზე, ძველი გზიდან 200 მეტრში, ჩვენივე მონიტორინგის საფუძველზე აღმოჩენილი შესაძლო მეწყრული კერის გამო, სადაც წინასწარ გაკეთდა ყველაფერი საფრთხის მაქსიმალურად შესამცირებლად და ამ მოქმედებათა შედეგად, გზაზე მოძრაობა არის სრულიად უსაფრთხო. რიკოთის 149 კმ-ზე მეწყერი არ განვითარებულა”- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, რამდენიმე დღის წინ გამართა ბრიფინგი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას არ დარჩენოდა პასუხგაუცემელი კითხვები, თუმცა ზოგიერთი ოპონენტი მაინც აგრძელებს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. მინისტრი, ასევე, შეეხო გარემოსდაცვითი აუდიტის თემებს და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ფინანსურ და ტექნიკურ აუდიტთან დაკავშირებულ თემებზე, ოპონენტებმა მოისმინეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხები, წამოჭრეს გარემოსდაცვითი აუდიტის თემები.

“იმისთვის, რომ დარწმუნდეთ გარემოსდაცვის მიმართულების უწყვეტი მექანიზმის არსებობაში, პროექტის დაწყებიდან დღემდე, ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ : რიკოთის ოთხივე მონაკვეთზე მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული გზშ. გზშ-ები მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად. ოთხივეს ჩაუტარდა აუდიტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაქირავებული კონსულტანტების მიერ. შემდეგ კი, დამტკიცდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. გზშ-ები საჯარო და ხელმისაწვდომია, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ვებ გვერდებზე”-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, გარემოსდაცვითი მიმართულებით, პროექტში ჩართულია 23 ექსპერტი, კონტრაქტორებისა და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის გარემოს დაცვის სპეციალისტები, დეპარტამენტისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელი გარემოსდაცვის კონსულტანტები და სპეციალისტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0