რუსთავის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ 13 სკულპტურის მონტაჟი მიმდინარეობს

30/10/2017

რუსთავის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ, მუნიციპალური თეატრის მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერში. მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 13 სკულპტურის მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს მერიის ა(ი)იპ „უზრუნველყოფა“ ასრულებს და დღეს დასრულდება.
სიმპოზიუმის მონაწილე ფრანგი სკულპტორის, ნიკოლაი ფლესინგის ნამუშევარი ,,ქალაქის კარიბჭე“, მეგობრობის გამზირზე, სკვერში დაიდგა, ესპანელი მოქანდაკის, ამანსიო გონსალესის მიერ შექმნილი სკულპტურა – ,,ადამიანი ღამურა“ კი, რუსთავის ცენტრალურ პარკში დამონტაჟდა.
მიმდინარე და გასულ წელს გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკებების განთავსება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური არქივის შენობის წინ და სასტუმროსთანაც იგეგმება.
რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებით, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, კულტურისა და დასვენების პარკში, 11 ივლისს გაიხსნა და ერთ თვეს გაგრძელდა. მასში მონაწილეობას 8 ქართველი და 3 უცხოელი- ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები იღებდნენ.
მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში პირველად, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები მონაწილეობდნენ.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სიმპოზიუმი 2016 წელს, ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0