სააკაშვილი იაცენიუკის გადადგომას გამარჯვებას უწოდებს

11/04/2016

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფაქტს „ფეისბუქში“ გამოეხმაურა.ოდესის ოლქის გუბერნატორი უკრაინის პრემიერის არსენი იაცენიუკის გადადგომას მათ პირველ გამარჯვებას უწოდებს.

„უკრაინის პრეზიდენტს ვხვდებოდი, როცა მას იაცენიუკის გადადგომის შესახებ განცხადება შემოუტანეს. ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მღელვარების იმაზე მეტი საფუძველი მაქვს, ვიდრე საჭიროა, კულისებს მიღმა ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების ფონზე“ – აცხადებს სააკაშვილი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გადადგომის შესახებ მის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო მიიღო. იაცენიუკის თქმით, გადადგომის შესახებ წინადადებით პარლამენტს სამშაბათს, 12 აპრილს მიმართავს. მანვე, დასძინა, რომ პარტია „სახალხო ფრონტი“ საპარლამენტო კოალიციაში რჩება.
უკრაინული მედიის ცნობით, იაცენიუკის გადადგომის შემდეგ, უკრაინის პრემიერის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი, უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმირ გროისმანია. მედია იუწყება, რომ თუკი გროისმანი გახდება პრემიერი, მთავრობის შემადგენლობაში ტექნოკრატებსა და უცხოეთის მოქალაქეებს ვიხილავთ.გროისმანის გვარი ვიდეომიმართვისას ახსენა თავად იაცენიუკმაც.

„პეტრო პოროშენკოს ბლოკმა მთავრობის მეთაურის პოსტზე ვლადიმირ გროისმანის კანდიდატურა წამოაყენა. ქვეყნის სტაბილურობისა და კურსის შესანარჩუნებლად, ვაცხადებ, რომ გადავცემ უკრაინის მთავრობის მეთაურის უფლება-მოვალეობებს“, – აცხადებს იაცენიუკი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0