საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით დადგინდა ავტომობილების იმპორტზე აქციზის ახალი განაკვეთები

30/11/2017

2017 წლის პირველი იანვრიდან, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით დადგინდა ავტომობილების იმპორტზე აქციზის ახალი განაკვეთები. საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი იყო მოძველებული, რაც გარემოზე ახდენს უარყოფით გავლენას, როგორც აქტიური დამაბინძურებელი.
ახალი განაკვეთები შემუშავდა ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების მიზნით და გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ძველი და გარემოსათვის მავნე ავტომობილებისათვის უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთს. ამასთან, გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში შემცირდა 60 პროცენტით, ნაცვლად მანამდე არსებული 50 პროცენტისა. ასევე, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიუხადავად განაკვეთების ცვლილებისა, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ავტომობილის იმპორტზე საგადასახადო ტვირთი მნიშვნელოვნად დაბალი რჩება.

“საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგად, საქართველოში ხდება ავტოპარკის განახლება და საგრძნობლად მცირდება ისეთი ავტომობილების მოხმარება, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ გარემოს. მეორე მხრივ მნიშვნელოვნად იზრდება ჰიბრიდული და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების იმპორტი, რაც ამცირებს ავტომობილებიდან გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბებს. ამასთან, იმის გამო, რომ არსებითად შემცირდა საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების ასაკი და დაუახლოვდა საექსპორტო ბაზრებზე შემოღებულ ახალ სტანდარტებს, მნიშვნელოვანად გაიზარდა ავტომობილების ექსპორტი”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

ამ ეტაპისთვის შესაძლებელია საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებების განვლილი 9 თვის შედეგების შეჯამება:
2017 წლის 9 თვის მონაცემებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ჰიბრიდული და ელექტრო ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2017 წელის 9 თვეში საქართველოში განხორციელდა 11,652 ერთეული ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილის იმპორტი, რაც მთლიანად იმპორტირებული ავტომობილების 25 პროცენტს შეადგენს. 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფიქსირდება 260 პროცენტიანი ზრდა (8,414 ერთეულით მეტი). 2016 წელს ჰიბრიდულ ძრავიანი ავტომობილების იმპორტი შედაგენდა 3,238 ერთეულს, რაც მთლიანი იმპორტის მხოლოდ 5 პროცენტი იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0