საგადასახადო ცნობიერების ასამაღლებლად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ბიზნესოპერატორთათვის შეხვედრა გაიმართა

13/11/2017

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, გადასახადის გადამხდელებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი ბიზნესოპერატორი ესწრებოდა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა გადასახადის გადამხდელთათვის იმპორტის, ექსპორტის, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრული აქვს გადასახადის გადამხდელთა ცნობიერების ამაღლება, მათ შორის საგადასახადო და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ვალდებულებების ცოდნის დონის ამაღლების მიმართულებით. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველოს მიერ რეგულარულად ხდება გადასახადის გადამხდელთა კმაყოფილების კვლევა RS.GE-ზე განთავსებული სპეციალური კითხვარების საშუალებით. უკანასკნელ გამოკითხვაში 900-მდე გადასახადის გადამხდელმა მიიღო მონაწილეობა, შედეგად გამოიკვეთა გადამხდელთათვის საინტერესო შემდეგი საკითხები: იმპორტის გზამკვლევი; ექსპორტის გზამკვლევი და საკანონმდებლო ცვლილებები.
,,შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელებთან, ცნობიერების ასამაღლებლად სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები ხშირად იმართება, რადგან შემოსავლების სამსახური არ არის მარტო მაკონტროლებელი სტრუქტურა, ეს არის ბიზნესისთვის პარტნიორი უწყება, რაც უფრო ბევრს მოვუსმენთ ბიზნესოპერატორებს უფრო შედეგიანი იქნება მათთან ურთიერთობა“- განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ.
შეხვედრის ფარგლებში ბიზნესოპერატორებს საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0