საგარეო საქმეთა სამინისტროში ფოტო ექსპოზიცია “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიმართა

30/03/2017

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ფოტო ექსპოზიცია “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით მომზადდა და წარმოადგენს, საქართველოსა და ევროპის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული და სამხედრო თანამშრომლობის, ასევე, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების ამსახველ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალას.
ექსპოზიციაზე მოწვეულ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლების მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა წერილობითი მემკვიდრეობა, საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალები, ქართული და ლათინური ხელნაწერი კოლექციები, ილუსტრაციები, უძველესი რარიტეტების ფრაგმენტები და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები. გამოფენაზე წარმოდგენილი საარქივო მასალა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის, დასავლური ფასეულობებისაკენ სწრაფვის უტყუარი დასტურია.
ექსპოზიცია წარმოაჩენს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, მისი ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყნის უახლესი მნიშვნელოვანი მიღწევა – ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ევროპასთან შემდგომ დაახლოებასა და საზოგადოებებს შორის კავშირების განმტკიცებაში.
გამოფენა თბილისში გაიხსნება, მოივლის საქართველოს რეგიონებს და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით გამოიფინება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0