საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენს, პარლამენტში ინიცირებულია

26/06/2017

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენს, პარლამენტში ინიცირებულია.
ცვლილებების ინიცირება, რომლის ავტორიც “საქართველო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა“, დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინე ფრუიძემ და სოფიო ქაცარავამ განახორციელეს. პარლამენტს განსახილველად წარედგინა “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ სრულად ახალი კანონი, ასევე რვა სხვადასხვა კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.

“მინდა თითოეულ კოლეგას მივმართო თხოვნით, აქტიურად ჩავერთოთ განხილვის პროცესში. საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება საზოგადოებაში, იგივე ჩვენი გუნდის შიგნითაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შევძლოთ შეთანხმების, კონსენსუსის მიღწევა იმ სამი ძირითადი პრინციპის ირგვლივ, რაც არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ, გამსაღებლებთან და მასთან ასოცირებულ კრიმინალთან. მეორე, ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა იყოს კრიმინალი, თუ მან საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ ჩაიდინა. მესამე პრინციპი, ქვაკუთრედი ეს არის პრევენცია, სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ლიბერალური კანონმდებლობა ამ სამ პრინციპს ეყრდნობა“, – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინიცირებულ პროექტს გამოეხმაურა სხდომის წამყვანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის თქმით, “იმდენი სახის ინტერპრეტაცია კეთდება, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია უნდა იყოს ინტენსიური და ზუსტი“.

“ამ თემით ბევრი მხარე ისარგებლებს – ერთი, მეორე, მესამე, რაღაც დაძაბვა, რაც მეტი იქნება კომენტარი, ინფორმაცია, საზოგადოების მხრიდან, იქნება კარგი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0