საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებმა შეხვედრები დაასრულეს

18/04/2017

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართული შეხვედრები დასრულდა. დღეს პირველმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე მუშაობდა, მესამე ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დარჩენილ საკითხებზე და კონსტიტუციაში ახალი, 79-ე მუხლის (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) დამატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „დღეს ჩვენ სამუშაო ჯგუფების ბოლო სხდომას ვატარებთ. წინა სხდომის შემდეგ განსახილველი დარჩა სასამართლოს თავის ბოლო ოთხი მუხლი, რომლებიც სამართალწარმოებას, მოსამართლის სტატუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პროკურატურას შეეხება. ასევე როგორც დარიგებულ პროექტში გაეცანით, კონსტიტუციას კიდევ ერთი თავი, მე-11 თავი – გარდამავალი დებულებები ემატება, რომელიც მხოლოდ ერთ მუხლს შეიცავს და იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეხება. საგარეო კურსის თვასაზრისით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას თავისი პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს. უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული მუხლის გარდამავალ დებულებებში ჩაწერის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მუხლის მნიშვნელობისა, იგი თავისი შინაარსით დროებით ამოცანას წარმოადგენს და მიზანშეწონილად ჩაითვალა გარდამავალ დებულებებში ანუ დროებითი რეგულაციების დამდგენ თავში შესაბამისი ჩანაწერის გაჩენა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის მეექვე თავის (სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა) 63-ე მუხლის (სამართალწარმოება) განხილვით გაგრძელდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს, რომელზეც უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0