საკრებულოში თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინეს

28/02/2017

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე უძღვებდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე იმსჯელეს.
კერძოდ, საკრებულოს წევრებს თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში შპს ,,დაგის“ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა წარმოუდგინეს.
მათი ინფორმაციით, 8 მლნ. ლარის ღირებულების პროექტს შპს „დაგი“ შპს „ტრიჯიტი“-ს ზედამხედველობით ახორციელებს, რომლის მიზანსაც გარემოსა და ადამიანებზე უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრასა და პოლიგონის კონსერვაციის პროცესის მომზადება წარმოადგენს.
კომისიის სხდომაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რამაც აღნიშნული სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებთან შეუსაბამობა გამოიწვია.
როგორც ანგარიშის წარდგენისას შპს „თბილსერვის ჯგუფის“ და შპს ,,დაგის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული შეფერხება საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით იყო განპირობებული.
მათივე თქმით, პროექტი, რომელიც სპეციალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხორციელდება, სამ ეტაპს მოიცავს და სამშენებლო სამუშაოების შედეგად დღემდე პოლიგონზე არსებულ პრობლემათა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გადაწყვეტილია.
რაც შეეხება სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გადასვლას, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, პროცესი უახლოეს მომავალში გაგრძელდება.
როგორც გულიკო ზუმბაძემ სხდომის დასასრულს აღნიშნა, კომისია აღნიშნული მიმართულებით მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს.
კომისიის სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების გარდა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი-გივი კუბლაშვილი, სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი-გიორგი ბაგრატიონი, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0