სამცხე-ჯავახეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

09/05/2017

9 მაისს ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღნიშნეს. სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის მემორიალი და ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს. დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ამ გამარჯვებაში ვეტერანების დამსახურებაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქალაქ ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ვეტერანთა საქმეების რეგიონული სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრის წარმომადგენელმა უჩა მაჩაიძემ. ომის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა კონცერტი, საზეიმო ღონისძიების შემდეგ კი მათ სადილით გაუმასპინძლდნენ. ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ 4 ვეტერანს ფულადი დახმარებაც გაეწია, თითოეულს 200 ლარის ოდენობით. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 10 ვეტერანს კი 400 ლარი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მემორიალები. ვეტერანებთან შეხვედრები გაიმართა მხარის დანარჩენ მუნიციპალიტეტშიც, მოეწყო საზეიმო სვლა ძმათა სასაფლაოებზე, ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცისა და ომში დაღუპულთა საფლავები, გამარჯვების მემორიალები, ომის მონაწილეებს ასევე, გაუწიეს ფულადი დახმარება. სულ, სამცხე-ჯავახეთში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 57 ვეტერანი ცხოვრობს. მათ შორის, 18 – ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 4 – ქალაქ ახალციხეში, 10 – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 4 – ასპინძის მუნიციპალიტეტში, 13 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 4 – ადიგენის მუნიციპალიტეტში და 4 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების გარდა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, ხოლო მარჩენალდაკარგულთა ოჯახები 300 ლარით დასაჩუქრდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0