საოჯახო სახლის მშენებლობა შშმ ბავშვებისთვის დაიწყო

23/06/2017

სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის დიდ დიღომში ადაპტირებული, მცირე საოჯახო სახლის მშენებლობა დაიწყო. პროექტში ჩართულმა მხარეებმა დღეს სიმბოლურად მშენებლობის ადგილას კაფსულა ჩადეს და დაგეგმილი მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მცირე საოჯახო სახლის მშენებლობას დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ ახორციელებს. მათი გათვლებით მშენებლობა 180 დღეში უნდა დასრულდეს. ადაპტირებული გარემოს მოწყობასა და რემონტს, კი გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია შეიქმნას მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების, ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებები, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება. ამ მცირე საოჯახო სახლში თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფი კონტიგენტიდან 7 ბავშვი გადავა საცხოვრებლად. ერთი ასეთი ტიპის ადაპტირებული საოჯახო სახლი უკვე გაიხსნა ქუთაისში. სახელმწიფოს მიზანი, ის 50-მდე ბავშვი, რომელიც ამჟამად ნუცუბიძეზე მდებარე ბავშვთა სახლის ბენეფიციარია, სწორედ საოჯახო სახლებში გადაიყვანოს საცხოვრებლად, სადაც მათი განვითარებისათვის საუკეთესო გარემო იქნება. „სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე გავხსენით ერთი ასეთი ტიპის დაწესებულება ქუთაისში, სადაც თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლიდან რამდენიმე ბავშვი გადავიდა ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად. ამ მცირე საოჯახო სახლის აშენება საშუალებას მოგვცემს დამატებით რამდენიმე ბავშვი გადავიყვანოთ დიდი ინსტიტუციიდან ისეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის საუკეთესო პირობები იქნება. იმედი გვაქვს, კერძო სექტორი კიდევ უფრო დაინტერესდება მსგავსი ინიციატივებით და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დაეხმარება ასეთ მოწყვლად ჯგუფებს“ – აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. „m2-სთვის დიდი პატივია, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობა. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადაპტირებული გარემოს შექმნაა. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. არსებობს განსაკუთრებული საჭიროებები და ჩვენ, ყველამ ერთად – სახელმწიფომ, კერძო და არასამთავრობო სექტორებმა ყველა ამ საკითხზე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ“ – განაცხადა m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მათთვის არ არის ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები, განათლება, ბევრი ჯერ კიდევ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა და დიდი ზომის ბავშვთა სახლში ცხოვრობს“ – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი პიერ ფერი. „ჩვენ მივესალმებით ბიზნეს სექტორის, კონკრეტულად m2-ის მხარდაჭერას სპეციალიზებული მომსახურებების განვითარების საქმეში. გაეროს ბავშვთა ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად ეხმარება საქართველოს მთავრობას გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინკლუზიაში“. „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს შშმ ბავშვთა ინტეგრირებასა და ინკლუზიას. 2017 წლის მარტის თვეში საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, შრომის, ჯანდაცვისა, და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მხარი დაუჭერა ქუთაისის სპეციალიზებული მომსახურების გახსნას. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მეორე ასეთი მომსახურების შექმნას თბილისში. სპეციალიზებული მომსახურებები შშმ ბავშვებს განვითარებისა და ინტეგრირების მეტ შესაძლებლობებს შესძენს“ – აცხადებს USAID-ის სოციალური განვითარებისა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ სირბილაძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0