საპილოტე პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

23/06/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც საპილოტე პროექტის – „ქ. თბილისის სკოლებში საგნის – „მოქალაქეობა“ ფარგლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ გაკვეთილების დანერგვის ხელშეწყობა“ – შედეგები შეჯამდა.

2016 წლიდან ორგანიზაცია „თანადგომა“, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს ახალი საგნის „მოქალაქეობა“ სტანდარტის შემუშავებასა და სტანდარტში ცხოვრების ჯანსაღი წესის ელემენტების დანერგვაში. აღნიშნული საპილოტე პროექტი განხორციელდა თბილისის სამ (N11, N112, N86) საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით და მიზნად ისახავდა:

საგნის „მოქალაქეობა“ მე-7 კლასში წარმატებული დანერგვის ხელშეწყობას;
საგნის „მოქალაქეობა“ ფარგლებში მე-7 კლასის სტანდარტით განსაზღვრული ცხოვრების ჯანსაღი წესის სათანადოდ წარმოჩენასა და სწავლების პროცესზე დაკვირვებას;
მოსწავლისათვის შესათავაზებელი თემებისა და ინტერქატიული სავარჯიშოების პირობებში, ეფექტური სწავლების შესაძლებლობის განსაზღვრას.
შემაჯამებელ შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარდგნენ, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და ცენტრ „თანადგომის“ წარმომადგენლები, რომელთაც საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიმდინარეობის პროცესი და ის შედეგები, რაც მიღწეულ იქნა პილოტირების შედეგად. საპილოტე სკოლების დირექტორებმა და მასწავლებლებმა მიღებული გამოცდილება გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების თემატიკაზე.

შემაჯამებელ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0