სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითად მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა

03/10/2017

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ეტაპის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა.
„ჩვენი შეხვედრა ამ ახალ და საინტერესო ფორმატში რიგით მესამეა და ეს არის გაგრძელება იმ ორი ძალიან საინტერესო შეხვედრის, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ სასამართლო რეფორმის შემდეგი ეტაპი ყველამ ერთად, ხელისუფლების სამივე შტომ სასამართლოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენი, ყველას მიზანი ერთია – ეს არის ძლიერი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ძლიერი სასამართლო სისტემა, როგორც გარანტი ადამიანის უფლებების დაცვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპის იმპლემენტაციის პროცესის დინამიკის ცოდნა, რათა სწორად მოხდეს იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც გამოწვევად რჩება. მან მადლობა გადაუხადა სასამართლოს გახსნილობისთვის და რეფორმების გაგრძელების მზაობისთვის.
„პირველ ორ შეხვედრაზე ჩვენ მოვახდინეთ საკითხთა წრის იდენტიფიცირება, რომლის ირგვლივაც გვინდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით და თქვენი თანამონაწილეობით შემდეგი ეტაპი გავაგრძელოთ და იმ საკითხებს შევეხოთ, რომლებიც რეფორმის სამი ეტაპის შემდეგ რჩება როგორც გამოწვევა.
მადლობა სასამართლოს გახსნილობისთვის, ღიაობისთვის და მზაობისთვის, რაც ჩვენთვის იმის წინაპირობაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის სამი ეტაპის შემდეგ, საერთო საქმე გაგრძელდება და დასრულდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ; იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ; ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, დოროტა დლოუხი-სულიგამ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლორა ბერგერმა.
სამუშაო შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპის საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესზე მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. საკითხის განხილვის დროს წარმოდგენილი იყო სასამართლო სისტემის 2013-2017 წლების ანგარიში, სადაც საუბარი იყო განხორციელებულ რეფორმებზე, მის შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე.
საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნის საკითხზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მიხეილ ჩინჩალაძემ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იყო კიდევ ორი საკითხი, კერძოდ:
სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება;
დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოება -ხარვეზები და გამოწვევები.
განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს გაეროს სპეციალური ტრიბუნალის საერთაშორისო მოსამართლის, ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“ ექსპერტის, აგნეშკა მილატრის მოხსენება თემაზე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა გაიზიარეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მოსაზრება განხილულ საკითხებთან დაკავშირებით თემატური ჯგუფების შექმნის თაობაზე. თითოეული ჯგუფი შესაბამის საკანონდებლო ცვლილებებს მოამზადებს, რომლებზეც შემდგომ დისკუსია სამუშაო ჯგუფში გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადილემ ვანო ზარდიაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ნინო გვენეტაძესთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა სამუშაო ოთახები, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიები დაათვალიერეს. მოსამართლეებთან და სასამართლოს თანამშრომლებთან გასაუბრებისას აღინიშნა, რომ სასამართლოს გადატვირთულობა სისტემის ერთ-ერთ გამოწვევაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0