საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითი შეფასება

30/04/2021

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან ონლაინ შეხვედრისას. ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ფონდის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს გაწეული საქმიანობისა და საქართველოსთან წარმატებით დასრულებული პროგრამისთვის. მისი თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითი შეფასება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ვითარებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უკვე განხორციელებული და ასევე მიმდინარე რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის შესაბამისად განახორციელა. ასევე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ანტიპანდემიურ ღონისძიებებსა და ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებზე. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და სავალუტო ფონდს სამომავლოდ გაგრძელდება და მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ. გაცნობით ხასიათის ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და დავით თვალაბეიშვილი, აგრეთვე სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკერი, აგრეთვე ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0