საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში პრინც სულტან ბინ სალმანს შეხვდა

31/05/2017

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტთან პრინც სულტან ბინ სალმანთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდის განმავლობაში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის პერმანენტულ ზრდას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიზანშეწონილია დაიწყოს პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის შემდგომი ზრდის დინამიკას, ასევე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ავიახაზები“, გასული წლის მსგავსად, უახლოეს მომავალში დაიწყებენ საზაფხულო სეზონური ავიარეისების განხორციელებას დამამისა და ჯედას მიმართულებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის საკითხი. საგულისხმოა, რომ მეფის განკარგულების თანახმად, საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა უფლებამოსილება მიანიჭა ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს მხარესთან განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი მისი შემდგომი ხელმოწერის მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, ელჩმა მადლობა გადაუხადა საუდურ მხარეს და პირადად პრინც სულტანს, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. მან პრინცი კიდევ ერთხელ მოიწვია საქართველოში და ზემოაღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა თბილისში შესთავაზა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0