საქართველოს ვიცე-პრემიერი გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს

20/09/2017

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან, კერძოდ მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრს მარია ანხელა ოლგინ კუელარი, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან აურელია ფრიკთან, ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრთან პოლ გალაგერთან და ვანუატუსა და გაიანას საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, რაც გამოიხატა ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინიციატივებში, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს კოლუმბიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დაარსება, წარმატებული პოლიტიკური კონსულტაციები, და მიმდინარე წელს თბილისში კოლუმბიის კულტურის დღეების ჩატარება. კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების მიმართ და აღნიშნა ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. შეხვედრაზე მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით კოლუმბიამ გამოხატა დაინტერესება საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლის ვიზიტის მიმართ. მარია ანხელა ოლგინ კუელარი მიხელ ჯანელიძე ვიზიტით კოლუმბიაში მიიწვია.
ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან აურელია ფრიკთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ინტენსიურ ხასიათს და მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნების წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრებმა ისაუბრეს თუ რა შესაძლებლობები არსებობს განათლებისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის.
ვატიკანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოში რომის პაპის განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობა, მიმოიხილეს საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები, ნაყოფიერი თანამშრომლობა კულტურულ, სამეცნიერო და ჰუმანიტარულ საკითხებში.
გაიანასა და ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ურთიერთობების პოტენციურ სფეროებზე – განათლება, ტურიზმი, ხალხთაშორისი კონტაქტები. აღნიშნული ქვეყნები დაინტერესებულნი არიან კარგი მმართველობის და ასევე წარმატებული რეფორმების განხორცილების საკითხში საქართველოს გამოცდილების გაზიარებით.
კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ბოლო განვითარებებზე, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და საქათველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის თავმჯდომარეობისას საქართველოს პრიორიტეტებზე. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა რომ აღნიშნულ ქვეყნებთან მომავალშიც გაგრძელდება პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე „Annual Global Citizens Awards”, რომელსაც კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, მსოფლიოში ცნობილი ჩინელი პიანისტი და ფილანთროპი ლენგ ლენგი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0