საქართველოს მთავრობა ხანძრების ქრობის მდგომარეობაზე 13:00 საათისთვის არსებულ ინფორმაციას აქვეყნებს

06/09/2017

ყვარელის მუნიციპალიტეტში, შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე, პრევენციის მიზნით, რჩებიან მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, რამდენიმე დღის განმავლობაში განახორციელებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. პროცესებში ჩართულია შსს-ს ასობით თანამშრომელი და 3 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო საჰაერო ტექნიკა.
მთა-თუშეთში, სოფ. ხახაბოს მიმდებარე ტყეში, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან მომუშავე მეხანძრე-მაშველების წყლით უზრუნველყოფა უკვე მოხერხდა. ამ დროისათვის, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცალკეული, მცირე კერების დაქრობითი სამუშაოები.
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში, გამთენიისას, დამატებით, შსს-ს 150 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილების უზრუნველსაყოფად, უკვე გაიჭრა კერებამდე მისასვლელი გზები, საიდანაც ცეცხლის უმოკლეს დროში ეფექტურად ქრობის მიზნით, განხორციელდა ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეყვანა. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერასთან მუშაობს შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0