საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სესია გაიხსნა

05/10/2018

პარლამენტის თბილისის სასახლეში, სამი ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო სესია გაიხსნა. სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეებით გამართული ღონისძიება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.

„მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა სწორედ საქართველოში იმართება. ასამბლეის მიზანია საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და ჩვენი პოზიციების უკეთ კოორდინირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას. ამ მიზნით, ჩვენი ამოცანაა ერთმანეთისთვის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებზე საპასუხოდ, ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება. ეს წამოწყება არის მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებული. მზად ვართ, მჭიდრო კავშირები დავამყაროთ ნებისმიერ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან, რომელიც ამავე სულისკვეთებით არის გამსჭვალული და მოწადინებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება უკვე გააჩნიათ და ეს გამოცდილება საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში დასავლეთისკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოხმარდეს.

„ჩვენს ქვეყნებს, სუამ-ის ფარგლებში უკვე გააჩნიათ თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება. ამ ასამბლეაში ეს გამოცდილება ჩვენ დასავლეთისაკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოვახმაროთ. თუმცა, რასაკვირველია ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას სუამ-ის ფორმატშიც. ამისათვის ჩვენ ვატარებთ ფუნდამენტურ რეფორმებს სოციალურ-ეკონომიკური, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების, აგრეთვე სხვა მრავალი მიმართულებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „სხვა ვითარებაში ჩვენი ინდივიდუალური მცდელობები შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნების მოდერნიზებისა და საზოგადოებების დემოკრატიული გარდაქმნისთვის“.

საინაუგურაციო სხდომის მონაწილეებს მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრიან კანდუ მიესალმა.

„დღეს არის სწორედ ის დრო, როდესაც ერთი ხმით ვიწყებთ საუბარს, რათა ჩვენი ეს ხმა ადრესატებამდე გასაგებად იქნეს მიტანილი. ჩვენ მოკლე დროში სამი მნიშვნელოვანი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ჩავატარეთ და უკვე მივედით იმ მომენტამდე, როდესაც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეა თავის ინსტიტუციას აფუძნებს. ამ რთულ საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტში, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევიმუშავეთ კოორდინირებული სამოქმედო გეგმა და ეს სამი ქვეყანა ცდილობს სწორი ნავიგაცია გაააკეთოს გრავიტაციის ორ საერთაშორისო ცენტს შორის“, – განაცხადა ანდრიან კანდუმ.

მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლის დასასრულს, საქართველოს და ასამბლეის წევრ ქვეყნებს, წარმატებული საქმიანობა უსურვა და საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, სამი ქვეყნის თანამშრომლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის მნიშვნელობასა და ერთობლივი გამოწვევების დაძლევის მიმართ, სამი ქვეყნის თანამშრომლობის ახალ ფორმატზე ისაუბრა თავის გამოსვლაში უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, ანდრი პარუბიმ.

„საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის გზა იყო ძალიან ხანმოკლე და ძალიან ინტენსიური. კიშინაუში და კიევში შეხვედრებისას, მივიღეთ გადაწყვეტილება ასამბლეის შექმნის თაობაზე და დღეს, უკვე ჩვენს პირველ სამუშაო სხდომას ვატარებთ. თანამშრომლობის ეს ინტენსიურობა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენს სახელმწიფოებს გააჩნიათ საერთო ისტორია და წელს ყველანი აღვნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს“, – აღნიშნა ანდრი პარუბიმ.

საერთო გამოწვევებზე საუბრისას, უკრაინის რადას სპიკერმა, ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვცდილობთ ერთობლივად ვუპასუხოთ ამ დიდ გამოწვევებს, რაც რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციას წარმოადგენს. ჩვენ უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე და ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე ერთობლივი სტრატეგიით უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ, ასევე, გვაერთიანებს ჩვენი გზა როგორც ნატოში ინტეგრაციის, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კუთხით. ეს არის ჩვენი მომავალი, რომლისკენაც ჩვენ ყველა ერთად მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პირველი სამუშაო შეხვედრა იქნება იმის საწინდარი, რომ მომავალში ერთობლივ და აქტიურ თანამშრომლობას წარვმართავთ და ის ფუნდამენტი, რომელიც დღეს ჩავდეთ, მას დიდი წარმატება ექნება“, – განაცხადა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ.

სამი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნას ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვალერიუს სიმულიკი მიესალმა და ასამბლეის წევრ ქვეყნებს მისი დაფუძნება მიულოცა.

„ბალტიის ქვეყნებს სჯერათ და მხარს უჭერენ რეგიონული განვითარების თანამშრომლობას. ჩვენ უკვე 27 წელია ასეთი ურთიერთობები გვაქვს და ძალიან ბევრ წარმატებას, როგორიცაა საზღვრების დაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა და სხვა ერთად მივაღწიეთ. ასამბლეის შექმნა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის წინგადადგული ნაბიჯი იმისთვის, რომ შეიქმნას ეკონომიკური განვითარების უკეთესი საფუძვლები და ქვეყნების შორის თანამშრომლობა უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს. ასამბლეას შეუძლია უკეთესი სტიმული მისცეს თქვენი ქვეყნების განვითარებას და ამან ხელი უნდა შეუწყოს ევროპის ინსტიტუტებთან დაახლოებას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენი ქვეყნების მისწრაფებებს და ახლაც მივესალმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვალერიუს სიმულიკმა.

საპარლამენტო ასამბლეის შექმნა და თანამშრომლობის ახალ ინსტიტუციად ჩამოყალიბება შეაფასა თავის გამოსვლაში, ევროპარლამენტის წევრმა, ანა გომეშმა.

„სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური რესურსების გაერთიანება, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტმა გადაწყვიტა დააჩქარონ ის რეფორმები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს შეასრულონ როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების, ასევე მათ მიერ ევროპის კავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დარწმუნებული ვარ ასეთი რეფორმები უფრო ახლოს მიგიყვანთ ევროპულ ინსტიტუტებამდე. მე როგორც ევროპარლამენტის ერთი დეპუტატი, კვლავაც გავაგრძელებ სამივე ქვეყნის მხარდაჭერას და მივესალმები მათ გადაწყვეტილებას ერთობლივი ასამბლეის შექმნის თაობაზე“, – განაცხადა ანა გომეშმა.

საინაუგურაციო პლენარული სესიის პირველი სხდომა, სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წესდების ხელმოწერით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0