საქართველოს პრეზიდენტი ჯიჰად აზურს შეხვდა

11/09/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეები საქართველოში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის, სავალუტო ფონდის პროგრამის, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყანაში ეროვნული ბანკის საქმიანობის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სავალუტო ფონდთან წარმატებული თანამშრომლობა, რადგან მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდბული სახელწიფოს თანამშრომლობა სხვა დონორებთან.
„შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობაზე.
ამავდროულად, ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას; აღინიშნა, რომ აღარ უნდა განმეორედს ისეთი ტიპის შეცდომები, როდესაც ეროვნული ბანკის ორ ნაწილად ხელოვნურად გაყოფა ხდებოდა. საბედნიეროდ, მსგავსი ტიპის მოვლენები შეჩერებულია, ვინაიდან ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გზაზე“, – განაცხადა შხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0