საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

30/03/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტისას, ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე მიაგო პატივი ანტაკალნისის სასაფლაოზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრის დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას.
დათიკო მაჭავარიანი 1918-1921 წწ–ში მონაწილეობდა ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებდა საქართველო თავისი საზღვრების და სახელმწიფოებრიობის დასაცავდ.
1921 წელს მაჭავარიანი იუნკერთა სკოლის ნაცვალთა ასეულს მეთაურობდა ტაბახმელასთან XI წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობას დათიკო მაჭავარიანი გენერალ გიორგი კვინიტაძის ბრძანებით გაჰყვა და პოლონეთში, ქალაქ ვილნოში ცხოვრობდა, მსახურობდა
პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში.
პოლონეთის არმიაში მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები დაცულია პოლონეთის ეროვნულ არქივში.
დათიკო მაჭავარიანი 1932 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.
დასაფლავებულია ვილნიუსის ცენტრში სამხედრო სასაფლაოზე (ანტაკალნე), ლიტვის თავისუფლებისათვის დაცემულთა მემორიალის მახლობლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0