საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში 10 წლის განმავლობაში 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

29/12/2017

„საახალწლოდ და არამარტო საახალწლოდ ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მე ვესტუმრე ჩვენი ქვეყნის მთავარ სადისპეჩეროს, სადაც მივიღე სრული გარანტიები, რომ ახალ წელს ვიქნებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში სტუმრობისას.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, პირველია კავკასიის რეგიონში და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო ინფორმაციას კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად 700 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგება და მისი სისტემა ყოფილიყო მდგრადი და ასევე გაზრდილიყო სატრანზიტო ფუნქციები.
„შემდეგი 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაზე, რამაც ჰიდრო და სხვა ელექტროსადგურებში დამატებით 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0