საქართველოს სივრცის დაგეგმარების კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა გრძელდება

11/04/2019

ქვეყნის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, წინანდალში, გასვლით სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, კანონმდებლობა გარკვეული ცვლილებების შეტანას საჭიროებს.

“კოდექსი, ძირითადად, სივრცითი დაგეგმარებისა და სერტიფიცირების ნაწილებს შეეხება, რომელიც მხოლოდ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონპეტენცია არ არის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რომ ყველა მხარის პოზიცია იყოს განხილული. ჩვენ უნდა შევჯერდეთ და ყველას ერთნაირად გვესმოდეს ის ფორმულირება, რომელიც არსებულ კანონშია. მზად ვართ, ჩავრთოთ ყველა მხარე , რომელიც იქნება ამ აქტების ძირითადი მომხმარებელი. შევთანხმდებით პრინციპებზე, რა გვაქვს გასაკეთებელი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რა ცვლილებები შევიტანოთ, რომ დოკუმენტი უფრო სრულყოფილი გახდეს,’’- განაცხადა მზია გიორგობიანმა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცვლილებების პაკეტი, რომლითაც ზუსტდება სივრცის დაგეგმარების დოკუმენტების იერარქია, მათი შინაარსობრივი შემადგენლობა და სამართლებრივი სტატუსი. კოდექსს ასევე ემატება ის მუხლები, რომელიც აწესრიგებს არქიტექტორთა სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.
კოდექსის სრულყოფაზე, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან, დარგის ექსპერტებთან, არქიტექტორებთან ერთად, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.
ორდღიანი სამუშო შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის („საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ II ფაზა) ხელშეწყობით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0