საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა

06/03/2017

საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა, არ იგეგმება, ამაზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება განხილული, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა თავშესაფრის გახსნის თაობაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის განცხადებას. სებასტიან კურცის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სოზარ სუბარს პირადად ჰქონდა მასთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხი არ განხილულა.

„ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ ძალიან კარგად და ახალი გაფართოება ამ მიმართულებების ვერ მოხდება. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენ გვყავს 274 000 საკუთარი დევნილი ქვეყნის შიგნით, რომელთაგან დაახლოებით ორ მესამედს დღემდე არ მიუღია ბინა და ახალ ვალდებულებებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით ვერ აიღებს. ჩვენ ძალიან პატიოსნად, ძალიან წესიერად ვასრულებთ სართაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ნაკისრი გვაქვს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრებს. ვასრულებთ საეთაშორისო მისიებში მონაწილეობით და ლტოლვილების მიღების თვალსაზრისითაც.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში, მე პირდად მქონდა მასთან შეხვედრა და მსგავსი საკითხი არ განხილულა არც ჩემთან, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც პრემიერ-მინისტრთან. ეს არის მისი ინიციატივა, რომელიც წამოაყენა. ინიციატივასაც ვერ დავარქმევ, ეს არის მისი სურვილები. ოფიციალური ვალდებულება ან შეთანხმება საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა ცენტრის გახსნის შესახებ, არ არსებობს“, – განაცხადა სუბარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0