საქართველოში მწვანე ეკონომიკის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

28/04/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით მწვანე ზრდის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად მომზადებული მწვანე ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის დოკუმენტი შექმნის შემდეგ სტრატეგიიის შესამუშავებლად დღეს სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სტრატეგიის შექმნაში ეკონომიკური პროფილის სამინისტროები და შემდეგი დონორი ორგანიზაციები მონაწილეობენ: ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკების გამწვანების პროექტი (EaP GREEN), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).
მწვანე ზრდის სტრატეგიის დოკუმენტმა უნდა მოიცვას ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, განათლების სექტორები, აგრეთვე ამ სექტორებში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი დაფინანსების საკითხები.
პირველ სამუშაო შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე უძღვებოდა. „სტრატეგია მოწოდებულია იმისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას და ისეთი ახალი ტექნოლოგიების მოზიდვას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოწინავე ქვეყნების რიგებში გადაიყვანენ. GIZ-ის დახმარებით შემუშავებული მწვანე პოლიტიკის დოკუმენტი მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება. დღევანდელი ვორქშოფი საკონსულტაციო ხასიათისაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ საქართველოს ძალიან მალე ჰქონდეს მწვანე ზრდის სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო უკვე მიუერთდა „მწვანე ზრდის დეკლარაციას“. დეკლარაციას მიერთებული ქვეყნებში ერთდროულად უნდა იყოს გათვალისწინებული ორივე მიმართულება „მწვანე“ და „ზრდა“. ასევე, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მწვანე ინვესტირებას. ამასთან, საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო წაახალისებს გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებას“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0