საქართველოში, სლოგანით „აცერი და დაიცავი“ ევროპის იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს

22/04/2019

საქართველოში, სლოგანით „აცერი და დაიცავი“ ევროპის იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმუნიზაციის როლის შესახებ.

„დღეს საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის რეგიონის ყველა ქვეყანაში, დაიწყო იმუნიზაციის კვირეული, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივაა და მისი ამოცანა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ხაზგასამაა. იმუნიზაცია არის ისეთი ჯანდაცვითი ჩარევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა“-აღნიშნა დავით სერგეენკომ მედიასთან საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო წითელას გავრცელებას საქართველოსა და მსოფლიოში. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, წითელასთან დაკავშირებული საფრთხეები ჯერ არ ამოწურულა და საჭიროა მოსახლეობის აქტიური ვაქცინაცია. მინისტრმა მოუწოდა საზოგადოებას, ვინც არ არის დარწმუნებული წითელაზე სრულად არის თუ არა ვაქცინირებული, აუცილებლად მიმართოს იმუნიზაციას.
პრესკონფრენციის ბოლოს, აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაციის განახლებული ვერსიის პრეზენტაცია ჩატარდა. აპლიკაცია მომხმარებელს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას განხორციელებული და გეგმით გათვალისწინებული აცრების შესახებ. აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ჩატარებული აცრების ისტორიის ბეჭდვა, რომელიც მომხმარებელს შეუძლია წარადგინოს საჭიროების ადგილზე. ევროპის იმუნიზაციის კვირეული 24 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია აქტიური საინფორმაციო ღონისძიებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0