საქართველო-ევროკავშირის მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ასოცირების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა

17/05/2017

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების თანამშრომლობის ფარგლებში თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების საკითხებზე ქვეკომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა.
დელეგაციას, რომელსაც ევროპარლამენტის აღმოსავლეთის პარტნიორობის ორმხრივი განყოფილების უფროსი დირკ შუბელი ხელმძღვანელობდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდა, აგრეთვე, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროს გაჯანსაღებისთვის ქვეყანაში ხორციელდება. გოჩა ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე და ევროკავშირთან მიღწეულ წარმატებაზე − უვიზო მიმოსვლაზე; საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, აგრეთვე სასამართლო სისტემის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიღწევებზე.
დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს არასრულწლოვანთა კოდექსის მიმართ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთია ყველაზე წარმატებულ რეფორმებს შორის.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების თანამშრომლობის ფარგლებში თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების ქვეკომიტეტის შეხვედრა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა; ორგანიზებული დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საკითხები (მათ შორის, ფულის გათეთრება და ტერორიზმთან ბრძოლა); სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობა; მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის საკითხები და სხვა.
ქვეკომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრები, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები.
საქართველოს მხრიდან ქვეკომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები.
ქვეკომიტეტის შეხვედრები ყოველ წელს მონაცვლეობით იმართება თბილისსა და ბრიუსელში. მიმდინარე წელს ქვეკომიტეტის შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უმასპინძლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0