საქართველო რობოტიქსის სფეროში იაპონიის გამოცდილებას ეცნობა

01/06/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა იაპონიის რობოტიქსის ასოციაციაში და ტოკიოს თანამედროვე მეცნიერებათა მუზეუმში. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მაღალი ტექნოლოგიების, რობიტიქსის სფეროსა და მეცნიერების მიმართულებით იაპონიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
იაპონიის რობოტიქსის ასოციაციაში შეხვედრა გაიმართა ასოციაციის გენერალურ მდივანთან შიგეკაი იანისთან და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ჰიროში ფუჯივარასთან.
შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას წარუდგინეს პრეზენტაცია რობოტიქსის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების შესახებ, მათ შორის, რობოტიქსის ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები როგორც საწარმოო ასევე სამედიცინო და გარემოს დაცვის სფეროებში. ქართულმა მხარემ ასოციაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში არსებული გამოცდილების შესახებ და გამოთქვა დაინტერესება მომავალში გააღრმავოს თანამშრომლობა იაპონიის მხარესთან ამ მიმართულებით.
მიხეილ ჯანელიძემ რობოტიქსის ასოციაციის აღმასრულებელი დივანი ვიზიტით მოიწვია საქართველოში, თავის მხრივ იაპონურმა მხარემ შესთავაზა საქართველოს ეწვიოს ტოკიოს რობოტების საერთაშორისო გამოფენას 2017 წლის ნოემბერში, სადაც შეძლებს ადგილზე გაეცნოს რობოტიქის პროდუქციას და ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებთან დაამყაროს პირდაპირი კავშირები.
ტოკიოს თანამედროვე მეცნიერებთა და ტექნოლოგიის მუზეუმში „მირაიკან“ შეხვედრა გაიმართა მუზეუმის აღმასრულებელ დირექტორთან მამურო მორისთან. მსოფლიოში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი სამეცნიერო ცენტრი მუზეუმის ფარგლებში აერთიანებს სხვადასხვა სამეცნიერო ლაბორატორიებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებს. მამორუ მორიმ გამოთქვა დაინტერესება მუზეუმთან არსებული სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უმასპინძლოს ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს, და ასევე მიიწვია ქართული მხარე ტოკიოში 2017 წელს დაგეგმილ სამეცნიერო ფორუმზე „SCWS 2017”.
დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია საერთაშორისო კორპორაცია ჰიტაჩის, სადაც შეხვედრა გაიმართა კომპანიის ხელმძღვანელობასთან. ​

Tweet about this on TwitterShare on Facebook0