საწარმო აღარ აშენდება და პრობლემა უკვე მოგვარდა

11/05/2016

ქალაქ ოზურგეთში ინდოელმა ინვესტორებმა მანქანათმშენებელ ქარხანაში დაგეგმილი პროექტი შეაჩერეს და ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო აღარ გაიხსნება. ამ საკითხთან დაკავშირებით გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თაყაიშვილისა და ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გია სალუქვაძემ მოსახლეობას ინვესტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.
„ შპს “ჯეო გადამამუშავებელს” დაგეგმილი ჰქონდა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ფერადი მეტალის ჩამოსხმის საწარმოს მოწყობა. ვინაიდან არსებობდა გარკვეული რისკ-ფაქტორი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების შესახებ. შევხვდი მოსახლეობას, რომლებიც ითხოვდნენ ოზურგეთში აღნიშნული საწარმო არ განთავსებულიყო, სადაც ტყვიის ჩამოსხმა მოხდებოდა. მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით, ასევე ინდოელ ინვესტორებთან ურთიერთობით, საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ასეთი საწარმო არ გაიხსნებოდა. ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ მათი განცხადება და შესაბამისად ადგილობრივები ჩავაყენე საქმის კურსში. გარემოს დაცვის, გუბერნიის, მუნიციპალიტეტის, მედიისა და მოსახლეობის ჩართულობამ და ერთობლივმა პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიღო ის შედეგი, რომ საწარმო აღარ აშენდება და ეს პრობლემა უკვე მოგვარდა,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები – ქეთევან მოისწრაფეშვილი და გია ებრალიძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0