სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, თვითმმართველობა რეალურად ფეხზე დადგეს

21/04/2016

სასტუმრო ”რედისონში” საქართველოს რეგიონული განვითარების თემაზე – ”საქართველოს რეგიონული განვითარების მიღწევები და გამოწვევები” კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა გახსნეს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომ რეგიონში განვითარდეს დემოკრატია და თვითმმართველობა რეალურად ფეხზე დადგეს.

”მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა სახელმწიფო ვართ, ცენტრში ვერ მიიღება ყველა სახის საფუძვლიანი გადაწყვეტილებები, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამის ფინანსური და საკადრო რესურსი. ქვეყნის განვითარების ხაზსა და ვექტორს ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს, მაგრამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა თუ ღონისძიებების ძირითადი ნაწილი უნდა იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს და მის მერეც სულ ამაზეა საუბარი, რომ უნდა განვითარდეს თვითმმართველობა, მაგრამ ხელისუფლებათა უმრავლესობა ამ საუბარს წინასაარჩევნოდ ამთავრდებდა და მერე მიდოდა თავის მართლება იმით, რომ რეგიონებში არ არიან ჯერ მზად. დაახლოებით, ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ ჯერ ცურვა ისწავლეთ და წყალს მერე ჩაგისხამთ აუზშიო”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაცილებით აქტიური და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით.

”საზოგადოებამ კარგად იცის, რომ შარშანაც, წლევანდელი ბიუჯეტისთვის დაიგეგმა გარკვეული რესურსების ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელში და განსაკარგავად დატოვება, რაც მათ შესაძლებლობას გაზრდის. ჩვენი სამინისტროსა და ხელისუფლების მიდგომა ერთმნიშვნელოვანია – წყალი უნდა ჩავუსხათ აუცილებლად, რომ ცურვა ისწავლო. ეს არის მთავარი მიმართულება”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

თავის მხრივ, ნილ სკოტმა აღნიშნა, რომ საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმა მიმდინარეობს და ეს დიდ ხნის წინ დაწყებული პროცესია, რომელიც ძალიან წარმატებით ვითარდება.

”საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ იმისთვის, რომ უზრუნველყოს რეგიონების სრულფასოვანი განვითარება და ასევე ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოხდეს ასევე ფინანსური რესურსების დეცენტრალიზაცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია წინ გადასადგმელი”, – განუცხადა ნილ სკოტმა ჟურნალისტებს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან 2013-2016 წლებში დამტკიცებული პროექტების პრეზენტაცია, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა წარმოადგინა. ასევე გაიმართა რეგიონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტო გამოფენა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0