სოფელ ძიმითში ახალი კულტურის სახლი გაიხსნა

22/09/2017

სოფელ ძიმითს კულტურის ახალი სახლი აქვს, – 200 000 ლარის ღირებულების პროექტი, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის რეაბილიტირებული კულტურის სახლი დღეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა გახსნეს. კულტურის სახლი, რომელიც იყო უფუნქციო და ავარიული სრულად აღდგა – გამოიცვალა ჭერი, სახურავი, სცენა, ელექტრო გაყვანილობა, შეიღება გარე და შიდა კედლები. განახლდა ფასადი, კეთილმოეწყო ეზო და მისასვლელი ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათება. რეაბილიტირებული ძიმითის კულტურის სახლი სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

„კულტურის სახლი არის დიდი შენაძენი სოფელ ძიმითისთვის და მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ცხოვრების აღორძინება-განვითარება და სოფლებში უფუნქციო კულტურის სახლების მშენებლობა-აღდგენა. მინდა, მოსახლეობას მივულოცო ეს დიდი შენაძენი, ეს იქნება ადგილი, რომელიც მრავალ საინტერესო კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს”, – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ. ღონისძიებას გუბერნატორის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე დასაქმდნენ ადგილობრივები. 222 მაყურებელზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0