სოფლებს – ოძისსა და ფრეზეთს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება

28/07/2021

მცხეთა-მთიანეთის ორივე სოფელი აკმაყოფილებს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ოძისში მოსახლეობა 690-850 მეტრზე ცხოვრობს. ამასთან, სოფელი მდებარეობს გამყოფ ხაზთან და აკმაყოფილებს დემოგრაფიულ კრიტერიუმსაც. რაც შეეხება სოფელ ფრეზეთს, ის 900 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთის ეროვნული საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება ოძისისა და ფრეზეთისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი.

„მთის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. დღეს ვიმყოფებოდით მცხეთა-მთიანეთის ორ სოფელში – სოფელ ოძისძი და სოფელ ფრეზეთში. ამ ორ სოფელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიენიჭება მაღალმღთიანი დასახლების სტატუსი, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ სიკეთეებს და დანამატებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძოდ – დანამატებს განათლების, ჯანდაცვის და სპორტის სფეროში დასაქმებული მუშაკებისთვის, პენსიონერებისთვის; დადგენილია შეღავათები მცირე მეწარმეებისთვის და ინდ. მეწარმეებისთვის. ეს სოფლის მოსახლეობას საშუალებას მისცემს გაიუმჯობესოს არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა, არამედ შექმნას მეტი სამუშაო ადგილები, განავითაროს ტურისტული ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და ზოგადად, გააუმჯობესონ და დასაქმდნენ საკუთარ თავიანთ საცხოვრებელ დასახლებებში,“ – აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შემდეგ, სოფელ ოძისში მცხოვრები 500-ზე მეტი და სოფელ ფრეზეთში მცხოვრები 700-ზე მეტი მოსახლე მთის კანონით დადგენილი შეღავათებით 2022 წლიდან ისარგებლებს. ამჟამად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1797 დასახლებას, რაც საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 48%-ია. ივნისის მდგომარეობით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 260 266 ადამიანი, ხოლო შესაბამისი შეღავათებით – 472 საწარმო. 2016 – 2021 წლებში სოციალური მხარდაჭერის კუთხით, მაღალმთიანი დასახლებებში მცხოვრებთათვის სახელმწიფომ მიმართა 320 მლნ ლარზე მეტი. საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოადგილესთან მზია გიორგობიანთან ერათად, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0