სოფლის განვითარების პოლიტიკის საუკეთესო მოდელის პოვნის საკითხები განიხილეს

19/10/2017

საქართველოსთვის სოფლის განვითარების პოლიტიკის საუკეთესო მოდელის პოვნისა და ევროკავშირის სოფლის განვითარების ჩარჩო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისკენ სწრაფვის საკითხები განიხილეს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა.
შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, 2018-2020 წლების სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარე საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
ნოდარ კერესელიძემ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებულ სამთავრობო პროგრამებში სოფლის განვითარების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის, კაიდო სირელის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოების მაგალითები ცხადყოფს, რომ სოფლის ეფექტიან განვითარებას მოაქვს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებს, კერძოდ კი, სიღარიბესთან ბრძოლას, განათლების ხარისხის ზრდას, ჯანდაცვას და გარემოს დაცვას, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.
სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ხელშეწყობით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0