სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 80-ზე მეტ სოფელში ჩატარდა

29/01/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 80-ზე მეტ სოფელში ჩატარდა. დღეს სოფელ ლაილაშში გამართულ კრებას სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა დაესწრნენ. მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა სოფლის მთავარ გზაზე სანიაღვრე არხის მშენებლობას მოხმარდება.
კრებები ამ ეტაპზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

„მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგი ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონის სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტების განსაზღვრისათვის. პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ადგილზე ვეცნობით თითოეულ სოფელში არსებულ პრობლემას, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი მუშაობის ეფექტურობა კიდევ უფრო ავამაღლოთ და პროექტები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწიენებით დავგეგმოთ“-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ შეხვედრისას.

სახელმწიფო რწმუნებულმა ლაილაშის მცხოვრებლებს ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია – „ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის აშენების შესახებ. ლაილაში არის ისტორიული სოფელი, რომლის მიმართ დაინტერესება მზარდია და ჩვენ, მსგავსი პროექტებით, მოსახლეობას ადგილზე დარჩენის სტიმული უნდა მივცეთ“.

მთავრობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლებული სახით დაბრუნდა. მოსახლეობა, კანონით გათვალიწინებული ნუსხიდან, თავად ირჩევს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრიობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0