სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა გორში გამართა

19/07/2017

გორის რაიონში გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების – ბერშუეთის, აძვის, მერეთის, ერგნეთი, სკრის მოსახლეობას შეხვდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები. დეპუტატებმა მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები და მათთან ერთად იმსჯელეს მათი მოგვარების შესაძლებლობებზე.
კომიტეტის წევრებმა დაათვალიერეს სოფლებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოძველებული და მოუწესრიგებელია. გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თენგიზ ხუბულურმა განაცხადა: „ჩემი წინასაარჩევნო დაპირება ისიც იყო, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს შევუქმნი ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტული განვითარების პირობებს, რათა ავარიდოთ ისინი სხვადასხვა მავნე ჩვევებს და რაც მთავარია, ახალგაზრდობა დავამაგროთ სოფელში. ამ დანაპირებს ჩვენ თანდათან ვასრულებთ, ახლა სწორედ იმის შესასწავლად შემოვიარეთ სოფლები, რომ კონკრეტულად აღვწეროთ სად რა არის გასაკეთებელი“.
კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ ქალაქ გორში „ქართლის“ სტადიონზე და დევნილ ბავშვთა საფეხბურთო გუნდს ბურთები და სხვა საჩუქრები გადასცეს. მოინახულეს გორში მიმდინარე სპორტის სასახლის მშენებლობა.
მოგვიანებით, გორის მუნიციპალიტეტის შენობაში კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოისმინეს თენგიზ ხუბულურის მოხსენება გორის რაიონში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული მდგომარეობის და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ. იმსჯელეს გორის სპორტული ტრადიციებისა და მათი ღირსეულად გაგრძელების პერსპექტივებზე.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა სხდომის შეჯამებისას განაცხადა, რომ „სპორტს ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ჯანსაღი ცხოვრება. პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც გავმართავ კონსულტაციებს, რომ სპორტი გახდეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ასევე ჩვენი ინიცატივაა, რომ ერთ-ერთი მომდევნო წელი ქვეყანაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წლად გამოვაცხადოთ და სპორტული იფრასტრუქტურის განვითარებისთვის უფრო ფართომასშტაბიანი სამუშაოები დავიწყოთ. პირველ რიგში სწორედ გამყოფ ხაზებთან არსებულ მდგომარეობას უნდა მივხედოთ. ის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, გმირები არიან. რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება მათ სხვადასხვა საკითხებში ეხმარება, მაგრამ ასევე აუცილებელია ახალგაზრდებისთვის შეიქმნას გამართული ინფრასტრუქტურა, რომ მათ შეძლონ ღირსეული ცხოვრება. ეს უნდა იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება, რადგან სპორტი ცხოვრების ნაწილია“.
სხდომაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანაასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და სპორტის სხვადასხვა სახეობის, ქალაქ გორისა და გორის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0