სტრატეგიებისა და სხვა რეფორმების დაგეგმვა შშმ პირთა ორგანიზაციებისა და უშუალოდ მათი ჩართულობით ხდება

16/09/2023

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, გერარდ ქვინის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, რეფორმების პროცესში შშმ პირთა ჩართულობასა და ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის მექანიზმებზე, მათ შორის – ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით. განიხილეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესები და სოციალური სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი.

„საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ვისაუბრეთ შშმ პირთა ჩართულობაზე იმ პლატფორმებზე, რომლებიც სამინისტროში აქტიურად და წარმატებულად მოქმედებს. სტრატეგიებისა და სხვა რეფორმების დაგეგმვა შშმ პირთა ორგანიზაციებისა და უშუალოდ მათი ჩართულობით ხდება. მიმდინარე რეფორმები გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დადებითად შეაფასა“,-აღნიშნულის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
შეხვედრას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიცერი ბარბორა ზამრსკა, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი, სოციალური პროგრამების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი თამარ გოცაძე და საქართველოში შშმ პირების კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0