სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა

22/09/2017

2017 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობით, გაიმართა სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ ლილიან დარიმ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა.
სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთქმედების მიმართულებით. მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, იაპონია) და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს სუამ-ის 20 წლის იუბილეს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება და ისაუბრეს საიუბილეო თარიღს აღსანიშნავად 8 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიების თაობაზე.
შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო საკითხების შესახებ და გაფორმდა სხდომის ოქმი.
21 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ასევე გაიმართა სუამ-აშშ ფორმატის შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და დაადასტურეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.
სუამ-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა წლების მანძილზე, სუამ-აშშ ფორმატის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ პოლიტიკური დიალოგი გლობალური და რეგიონალური საკითხების ფართოს სპექტრზე. შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის მხარდაჭერა სუამ-აშშ ფორმატისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0